ბლოგი და სიახლეები
სადაზვერო არქეოლოგიური სამუშაოები კინტრიშის ხეობაში 2024
უკანასკნელ პერიოდში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმის თანადგომით მეტად საინტერესო არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს კინტრიშის ხეობის პრეისტორიული ეპოქის ძეგლების შესწავლის მიზნით. აღნიშნულ რეგიონში არქეოლოგიური ექსპედიცია (ექსპედიციის ხელმძღვანელი: გურამ ჩხატარაშვილი) უკვე მე-5 წელია მიმდინარეობს და მასში ჩართულია როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები და, ასევე, სტუდენტები.
მიმდინარე წელს, არქეოლოგიური ექსპედიციის მთავარ მიზანს შეადგენდა კინტრიშის ხეობის ტერიტორიაზე ადრე გამოვლენილი ძეგლების რევიზია, საჭირო ლაბორატორიული ნიმუშების აღება და შემთხვევითი აღმოჩენების შესწავლა.
სადაზვერვო არქეოლოგიურმა ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა მეტად საინტერესო ინფორმაციაზე, რომელიც სოფ. ხუცუბანში მარინე ბერიძის საკარმიდამო ნაკვეთში დაფიქსირდა. კერძოდ, საგაზაფხულო მიწის სამუშაოების დროს ადგილობრივმა მცხოვრებმა ზედაპირულად აღმოაჩინა კაჟისა და ობსიდიანის იარაღები, ანატკეც-ანამტვრევები და სხვ. სადაზვერვო ჯგუფმა მოინახულა აღნიშნული ლოკაცია და გაავლო საკონტროლო თხრილი (1×1 მ). გამოვლინდა კაჟისა და ობსიდიანის იარაღები და მათი წარმოების ნაშთები. მონაპოვართა რიცხვი 600 ერთეულს აღემატება. ტიპოლოგიურად იარაღებში განისაზღვრა საჭრისები, რეტუშირებული ლამელები, გვერდამოღარული მიკროლამელები, საფხეკები და სხვ. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობითაა წარმოდგენილი გვერდდაბლაგვებული მიკროლამელები, რომელთა ზომები 0,7 სმ-ს არ აღემატება. მსგავსი იარაღები ნადირობისთვის საჭირო სატყორნ-სასროლი იარაღის ჩასართებად გამოიყენებოდა.
აღსანიშნავია, რომ საკონტროლო თხრილში ბადის საწაფები და მათი ნამზადები დაფიქსირდა. კინტრიშის ხეობის პრეისტორიულ ეპოქის ძეგლთა ისტორიაში ესაა ჯერჯერობით ერთადერთი აღმოჩენა, რომელიც მეთევზეობას უკავშირდება. ვფიქრობთ, რომ მომავალში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.
ამასთან ერთად, თხრილში გამოვლინა ოვალური ფორმის ორმო, რომელშიც დიდი რაოდენობით ხის დამწვარი ნახშირები აღმოჩნდა. ჩვენი აზრით, საქმე უნდა გვქონდეს საცხოვრებელი სახლის ბოძის საყრდენ ორმოსთან.
ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები სოფ. ხუცუბანში დაახლ. 11 000 წლის წინანდელია და მეზოლითის ხანით თარიღდება. ბუნებრივია, მომავალში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება აღმოჩენათა რიცხვი, რაც შედარებით მეტ ინფორმაციას მოგვცემს კინტრიშის ხეობის უძველეს მცხოვრებთა შესახებ.
სხვა სიახლეები
შავიზღვისპირა ქობულეთის ცენტრალური ქუჩიდან - მთებში
ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე მოგითხრობთ
ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთო
სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქისთვის იყო გათვლილი, 14:00 საათიდან დაიწყო და გვიან ღამემდე კონცერტით დასრულდა.
ჩეხეთის გამოფენა ქობულეთში
ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოფენა მიმდინარეობს