ბლოგი და სიახლეები

შავიზღვისპირა ქობულეთის ცენტრალური ქუჩიდან - მთებში

შავიზღვისპირა ქობულეთის ცენტრალური ქუჩიდან - მთებში

არქეოლოგები თანამედროვე ქობულეთის ტერიტორიაზე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში მსხვილი ქალაქური ტიპის დასახლების არსებობაზე მიუთითებენ, რომლის  მოსახლეობა სოფლის მეურნეობასა და მეტალურგიას მისდევდა. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ამ ადგილის საკურორტო-სამკურნალო თვისებების გამო, ქობულეთმა ეტაპობრივად მიიზიდა დამსვენებელი. ვიზიტორები მომრავლდნენ როგორც საქართველოდან, ისე რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებიდან. XIX საუკუნის დასასრულს ქობულეთში აგარაკების მშენებლობა იწყება და ნელ-ნელა სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაც იხსნება. 1923 წელს ქობულეთმა კურორტის, ხოლო 1944 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო.

 

აწმყო დროში, თითოეულ ჩვენგანს ალბათ ერთხელ მაინც სმენია ფრაზა: „ქობულეთი ერთი ქუჩაა-აღმაშენებელი“, თუმცა, ეს ასე არ არის და შევეცდები ამ მოსაზრების გასაქარწყლებლად,  ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე მოგითხრობთ. მათ შორისაა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ისე ისტორიული ადგილები და ის პეიზაჟებიც, რომელიც მზესა თუ ნისლში, ფერწერული ტილოს მსგავსად ნაირფერია და დღის განმავლობაში, რამდენიმე საათის ინტერვალშიც განსხვავებული...

 

მანამდე კი გეტყვით, რომ აღმაშენებლის ქუჩის 14 კილომეტრიან მონაკვეთზე, არაერთი ძველი არქიტექტურული ნიმუშია და ნაწილს პირვანდელი სახე აქვს შემორჩენილი. მათ შორის ერთ-ერთია გენერალ ეფენდიევის აგარაკი. ის ქობულეთში ერთ-ერთ პირველ სახლად ითვლება, რომელიც იტალიელი არქიტექტორების მიერ არის დაპროექტებულ-აგებული. დღეს ამ სახლში ეფენდიევის შთამომავლები დაგხვდებიან, რომლებიც რეპრესიებს შეწირული გენერლის ტრაგიკულ ბედზე და მისი ოჯახის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ მოგითხრობენ.

 

ამავე ქუჩაზე, (დ. აღმაშენებლის გამზირი #100), მდებარეობს ქობულეთის მუზეუმი, რომლის დირექტორი რევაზ ტაკიძე თითქმის ყველა სტუმარს თავად უწევს გიდობას. მეათე წელია, სამ სართულზე განლაგებული, 6500-ზე მეტი ექსპონატი ერთ სივრცეშია თავმოყრილი და აქ წარმოადგენილია ქობულეთის არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ბუნების, ხელოვნებისა და ქალაქის ისტორიის ნიმუშები.

 

 

ამ ეტაპზე ქობულეთის სანაპირო ზოლთან ბულვარის მოწყობა მიმდინარეობს. გასართობ სივრცეებთან უკვე ისმის ბავშვების ხმა, ხოლო მათ თანმხლებ პირებს საშუალება აქვთ მცხუნვარე მზეს თავი, წიწვოვანი ნარგავების ჩრდილის ქვეშ შეაფარონ.

 

 

განახლებული პეტრას ციხე და ციხისძირის პალმების ბილიკიც მოინიშნეთ. როგორც აღმოჩნდა ეს ადგილი საკმაოდ პოპულარულია ფოტოსესიებისთვის და აქ სპეციალურად საამისოდ მისული ბევრია.

 

პეტრას ციხე სოფელ ციხისძირში ქობულეთიდან 5 კილომეტრშია. ის ადრეული ფეოდალური ხანის ძეგლია. მისი ტერიტორიის უნიკალური სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო, ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. შუა საუკუნეებში პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას „ქაჯეთის ციხესაც“ უწოდებდნენ.

 

 

რთულია ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი ერთ მონათხრობში ჩაატიო, თუმცა ერთს აუცილებლად გამოვარჩევ. ვფიქრობ, იქ მაცხოვრებელი ღვთისმსახურებისა და მათი ისტორიული მნიშვნელობის საქმიანობის გამო. დაახლოებით 5 წელია, რაც თეთროსნის მონასტერსში, ბერ-დიაკონი ნიკოლოზ ებრალიძის ინიციატივით, პურის ბუნებრივი საფუარით ცხობის ტრადიციას დაედო სათავე. დღეს ის და მღვდელ-მონაზონი სერგი გოგოლი წარმატებით  უძღვებიან ამ საქმეს. დღეში 300-400 ცალი, სამი სახეობის პური ცხვება: თეთრი, ცეხვილის და ჭვავის. პურის საფუარი ყურძნის მაჭრისგან მზადდება და აღნიშნული საკვებით ბათუმისა და ქობულეთის რამდენიმე ობიექტი მარაგდება.

 

 

სოფელ ზენითში  ქვის უძველესი საწნახელია, - ძველი წ. აღ. III საუკუნით დათარიღებული. ღვინის დასაყენებელი ჭურჭელის ვიზუალური მხარე, განსაკუთრებით მეღვინეებისა და მარნების მფლობელების ინტერესის ობიექტია

 

 

ესაძეების ისტორიული ოდა სოფელ ლეღვაში, როგორც ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, ისე ემოციურად, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. 160 წლის სახლში მერი მახარაძე და სოსო ესაძე, მათი სამი შვილიდან ერთ-ერთ, ლევანთან ერთად ცხოვრობენ. მაღალ ხეებს შორის მოქცეული ხავსით დაფარული ეზო,  იმ ზღაპრების სამყაროში გამოგზაურებს, რომელსაც ბავშვობაში ბებია-ბაბუები გვიკითხავდნენ. ცოლ-ქმრის ყურება-მოსმენისას, თითოეულ ჩვენგანში გარდაცვლილი წინაპრების სახე-ხატება  „ცოცხლდება“. ბებია-ბაბუისგან შემორჩენილი სითბოს მიმართ ნოსტალგია, უაღრესად ამაღელვებელს ხდის მათ გვერდით ყოფნას და დამშვიდობება ისე გიჭირს, თითქოს დედამიწაზე არსებულ სამოთხეს ტოვებდე...

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამი დაცული ტერიტორიაა:  ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის და მტირალას ეროვნული პარკი. კინტრიშის ხეობაში შემორჩენილია თაღოვანი ხიდები, (ქალაქ ქობულეთიდან თაღოვან ხიდებამდე მანძილი 15-20 კილომეტრია). დაცული ტერიტორიების გარდა, ქობულეთის მინციპალიტეტის სოფლებში მრავლადაა ბუნებრივი „სიმდიდრეც“: ჩანჩქერები, ტყეები, მდინარეები...

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებილი ელენესა და კონსტანტინეს და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებს სოფელ კვირიკეში. სოფელ კვირიკეს ხის ჯამეც კულტურული მეკვიდრეობის ძეგლია. ეს ორსართულიანი ხის მეჩეთი არჰაველი ლაზი ოსტატების მიერ 1865-66 წლებში აშენდა და მისი ფასადი: კარი, აივნის მოაჯირები, ბოძები და სხვა, ხეზე კვეთილობის მაღალპროფესიული ნიმუშია.

 

 

ვიზიტორების ნაწილისათვის მთიანი აჭარა გამორჩეულად მომხიბვლელია. ზღვის დონიდან 1050 მეტრ სიმაღლეზე, კვირიკეს გორაკებზე ახალი ტურისტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ხის კოტეჯები მალე დასრულებულ სახეს მიიღებს და თავის ულამაზესი ხედებით სტუმრებს შეეგებება.

 

მოკლედ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა დატვირთვის მატარებელი  ადგილის მონახულება შესაძლებელია, როგორც ზღვის, ისე სხვა სეზონზეც. ინტერესის სფეროს მიხედვით, აქ ყველა იპოვის მისთვის სასურველ ადგილს.

 

დაბოლოს, ინფო ტური ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. დიდი მადლობა აღნიშნული სამსახურის თითეულ თანამშრომელს კომფორტული, ინფორმაციულად დატვირთული და შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობისთვის.

 

ავტორი: ანა კალანდაძე

სხვა სიახლეები

ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთო

ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთო

სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქისთვის იყო გათვლილი, 14:00 საათიდან დაიწყო და გვიან ღამემდე კონცერტით დასრულდა.

ჩეხეთის გამოფენა ქობულეთში

ჩეხეთის გამოფენა ქობულეთში

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოფენა მიმდინარეობს