მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი  კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის, სახელდობრ აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე - შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15698,8 ჰა-ს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. ადმინისტრაციული შენობა დაბა ჩაქვში, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი კი ადმინისტრაციული ცენტრიდან 15 კმ-ით დაშორებულ სოფ. ჩაქვისთავში მდებარეობს. ვიზიტორთა ცენტრის საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზში ვიზიტორს საშუალება აქვს გაეცნოს მტირალას ეროვნული პარკის სპეციფიკას, მომსახურებებს, ტარიფებს, ტურებს და აირჩიოს მისთვის სასურველი ვარიანტი.


მტირალას ეროვნული პარკში ფუნქციონირებს ერთ და 2-დღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკი ვიზიტორებს  სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურებს სთავაზობს.


ბილიკი 1
15 კმ, 2-დღიანი, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის /
ორდღიანი მარშრუტი იწყება ზღვის დონიდან 260 მ-ზე მდებარე ვიზიტორთა ცენტრიდან და სრულდება ზღვის დონიდან 1,250 მ-ზე. დასაწყისი წარმოდგენილია კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი შერეული ტყით, ბილიკის დასასრულს კი ტყის 70% წიფლნარია. გარდა მცენარეული საფარისა, შესაძლებელია მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და სხვა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა ნაკვალევის ნახვა.
მარშრუტის გავლისას გზად გვხვდება ბუნებრივი წყაროები. აქ ვიზიტორებისათვის მოწყობილია ტურისტული თავშესაფარი 8 კაცზე, სველი წერტილი, ცეცხლის დასანთები და საპიკნიკე ადგილები.
მეორე დღეს ვიზიტორი მოხვდება ხელუხლებელი მრავალწლიანი წიფლის კორომებისა და ულამაზესი წყაროების გარემოცვაში. მათ სიახლოვეს მოწყობილია საპიკნიკე ადგილები. აღნიშნულ მარშრუტზე ძირითადად გვხვდება ხელუხლებელი ტყე, სადაც შესაძლებელია მოეწყოს სამეცნიერო დაკვირვებები ფლორასა და ფაუნაზე.

ბილიკი 2
 / 7კმ, 1 დღე, საფეხმავლო, მარტივი /
•    მარშრუტი მდებარეობს ზღვის დონიდან 265-442 მეტრზე და იწყება დაგეგმარებით ბუფერულ ზონაში მოქცეულ სოფელ ჩაქვისთავში არსებულ ვიზიტორთა ცენტრიდან. ტურისტული მარშრუტი საფეხმავლოა და შემეცნებით-გასართობი დანიშნულლებისაა. ის აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ადგილს - ჩანჩქერსა და ტბას. ბილიკს მომხიბვლელს ხდის ქვეტყე, რომელიც შედგენილია წყავით, კოლხური ბზითა და სხვადასხვა სახის სუროთი.
•    ბილიკი მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზეს ხეობას. ვიზიტორთა ცენტრიდან 2 კმ-შია კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 15 მეტრს აღემატება. ჩანჩქერთან, ველური ბუნების წიაღში მოწყობილია სპეციალური საკემპინგე ადგილი. ჩანჩქერიდან 1 კმ-ის დაშორებით, კლდეებს შორის, მოედინება მდინარე, რომელიც ქმნის მორევს. აქ მრავლადაა კალმახი. მდინარის ნაპირას არის საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილები.


გიდები:
•    გელა კონცელიძე – +995 (555) 56 63 34
•    მანუჩარ კონცელიძე – +995 (555) 46 61 84
•    ზორბეგ კონცელიძე – +995 (557) 56 45 79
•    ზია კონცელიძე –  +995 (555) 55 91 22